სიახლე 
2021-04-02 12:21:00
ინტერნეტ მაღაზიის რეალიზაციის ხარვეზი

 

პირველ აპრილს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტების რეალიზაცია დაიწყო.  

ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით მონეტების რეალიზაციის პროცესში მომსახურე საგადახდო სისტემაში ხარვეზი დაფიქსირდა, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა მონეტების შესყიდვის პროცესი.

აღნიშნული შეფერხება გარკვეული პერიოდის შემდეგ მომსახურე და ანგარიშსწორების კომპანიების მიერ აღმოიფხვრა.  სამწუხაროდ, დროის იმ მონაკვეთში, როდესაც სისტება არ მუშაობდა, პროდუქციის შესყიდვის მსურველ მომხმარებელთა გარკვეული ნაწილის შეკვეთა ინტერნეტ მაღაზიაში არ დადასტურდა. შესაბამისად, მათ არ მიენიჭათ სტატუსი - „მიწოდების პროცესშია“, თუმცა, მათ საბარათე ანგარიშზე მონეტის ღირებულების შესაბამისი თანხა დაიბლოკა.

ეროვნული ბანკი შესაბამის კომერციულ ბანკთან და საგადახდო სერვისის მომწოდებელ კომპანიასთან აქტიურ კომუნიკაციაშია. მომხმარებლებს ვაცნობებთ, რომ  მათი  ანგარიშებიდან იმ შეკვეთების შესაბამისად დაბლოკილ თანხებს, რომელთაც არ აქვთ მინიჭებული სტატუსი „მიწოდების პროცესშია“, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოეხსნება ბლოკი და სრულად დაუბრუნდებათ.

აქვე, შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერნეტ მაღაზიის მომხმარებელთან არსებული შეთანხმების, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად - „ეროვნული ბანკის მიერ, შეკვეთა მიღებულად ჩაითვლება, თუ მომხმარებელი დარეგისტრირების პროცესში მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს  შეტყობინებას შეკვეთის  დადასტურების თაობაზე  და ინტერნეტ მაღაზიის მისსავე  პროფილში შესაბამის შეკვეთას მიენიჭება სტატუსი „მიწოდების პროცესშია“. სხვა შემთხვევაში, შეკვეთა მიღებულად არ ჩაითვლება და მიწოდება არ განხორციელდება.

ასევე, გაცნობებთ, რომ ინტერნეტ მაღაზიაში  სარეალიზაციოდ განთავსებული აღნიშნული მონეტების მარაგი  უკვე  ამოწურულია.

 

საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებლებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო.