სიახლე 
2021-11-08 09:30:00
„ევრობასკეტი 2022“ საკოლექციო მონეტის შეძენის მსურველებისთვის ეროვნული ბანკი წინასწარი შეკვეთების მიღებას იწყებს

საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების წინასწარი შეკვეთების პრაქტიკას ნერგავს.   პირველი საკოლექციო მონეტა, რომელიც წინასწარი შეკვეთით გაიყიდება, „ევრობასკეტის“ თემას ეძღვნება და  მისი გამოშვება 2022 წელსაა დაგეგმილი.

ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული საკოლექციო დანიშნულების მონეტების მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება. ნუმიზმატებისთვის, კოლექციონერებისა და ყველა სხვა დაინტერესებული პირისთვის საკოლექციო მონეტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი „ევრობასკეტი 2022-ის“ თემაზე საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის (წონა 15.5 გ) მონეტებზე წინასწარი შეკვეთების მიღებას იწყებს. მონეტის გამოშვება 2022 წელსაა დაგეგმილი. მონეტის დიზაინი და  ფასი მათი გამოშვების შემდეგ გახდება ცნობილი.

მონეტებზე წინასწარი შეკვეთები მიიღება მხოლოდ ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით 2021 წლის 8 ნოემბრიდან 2021 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით. წინასწარი შეკვეთისთვის, დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ ავტორიზაცია ინტერნეტ მაღაზიის ვებგვერდზე - https://moneymuseum.nbg.gov.ge და განათავსონ შეკვეთა.

მონეტების წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში, მომხმარებელმა ინტერნეტ მაღაზიის ვებგვერდზე, წინასწარ უნდა გადაიხადოს მონეტის თითოეული ერთეულისთვის 50 ლარი (წინასწარი განაცხადის მეშვეობით მონეტის შეკვეთის ღირებულება, რომელიც ამავე მონეტის სრული საფასურის შემადგენელი ნაწილია). 

მონეტის გამოშვებისა და სარეალიზაციოდ გამოტანის შემდეგ, წინასწარ შეკვეთილი მონეტები გაიცემა საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის სალაროდან, ადგილზე მონეტების სრული სარეალიზაციო ღირებულების გადახდის შემდეგ (სარეალიზაციო ფასსა და წინასწარ გადახდილ თანხას შორის არსებული სხვაობის გადახდის შემდეგ). 

 

წინასწარი შეკვეთის განთავსებისა და შემდგომი პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია „საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერნეტ მაღაზიის მომხმარებელთან წინასწარი შეკვეთის თაობაზე“ შეთანხმებაში, რომელსაც მომხმარებელი ეცნობა შეკვეთის განთავსებამდე და რომელიც, ასევე, ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის ვებგვერდზე - https://moneymuseum.nbg.gov.ge/index.php?m=384 .

 

აღსანიშნავია, რომ წინასწარი შეკვეთებით გაყიდვები არ შეეხება უკვე დაგეგმილ  -  „საქართველოს მეფეების“ სერიიდან დავით აღმაშენებლისა  და თამარ მეფის თემებზე შექმნილ მონეტებს, რომელთა გამოშვება უახლოეს მომავალში მოხდება.

წინასწარი შეკვეთით მომავალი მონეტების რეალიზაციისას მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი იქნება მონეტის ვიზუალური მხარეც. ეროვნული ბანკი მომავალშიც განაგრძობს წინასწარი შეკვეთების პროცესის შემდგომ დახვეწას.

 

გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს!