|
სიახლე
2021-12-16 16:28:51
ვახტანგ გორგასლის საკოლექციო მონეტის შეძენის მსურველებისთვის ეროვნული ბანკი წინასწარი შეკვეთების მიღებას იწყებს
საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების წინასწარი შეკვეთის პრაქტიკას აგრძელებს და ამჯერად „საქართველოს მეფეების“ სერიიდან ვახტანგ გორგასლის თემაზე ოქროსა და ვერცხლის მონეტების წინასწარი შეკვეთით გაყიდვა იწყება. მონეტების გამოშვება 2022 წელსაა დაგეგმილი და მათი ზუსტი ღირებულება გამოშვების შემდეგ გახდება ცნობილი. მონეტებზე წინასწარი შეკვეთები მიიღება ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით 2021 წლის 17 დეკემბრის დილის 10:00 საათიდან 2021 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით. დაინტერესებულმა პირებმა, წინასწარი შეკვეთისთვის უნდა გაიარონ ავტორიზაცია ინტერნეტ მაღაზიის ვებგვერდზე და განათავსონ შეკვეთა. მონეტების წინასწარი შეკვეთისას, მომხმარებელმა ინტერნეტ მაღაზიის ვებგვერდზე, ვერცხლის მონეტისთვის 50 ლარი, ხოლო ოქროს მონეტისთვის კი - 1000 ლარი უნდა გადაიხადოს, რაც მონეტის სრული საფასურის შემადგენელი ნაწილია. წინასწარი შეკვეთის განთავსებისა და შემდგომი პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია „საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერნეტ მაღაზიის მომხმარებელთან წინასწარი შეკვეთის თაობაზე“ შეთანხმებაში, რომელიც განთავსებულია ფულის მუზეუმის ინტერნეტმაღაზიის ვებგვერდზე. |