|
სიახლე
2023-01-31 09:18:43
ინფორმაცია მეფე ვახტანგ გორგასლის თემაზე შექმნილი ვერცხლის საკოლექციო მონეტების რეალიზაციის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკი გასულ წელსაც აგრძელებდა საკოლექციო მონეტების განსაკუთრებულ სერიაზე - „საქართველოს მეფეები“ - მუშაობას. 2022 წლის დეკემბრის თვეში ამ სერიას ვახტანგ გორგასლის თემაზე შექმნილი მონეტაც შეემატა. ოქროს საკოლექციო მონეტების რეალიზაცია წარმატებით მიმდინარეობს. რაც შეეხება ვერცხლის მონეტებს, დაინტერესებული საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკისაგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზებით, გაჭიანურდა აღნიშნული მონეტების რეალიზაციის დაწყება. კერძოდ, მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლის პროცესში გამოვლინდა, რომ მონეტების უმეტესობის ხარისხი არ აკმაყოფილებდა სასურველ სტანდარტებს, რის გამოც შეკვეთის დასასრულებლად მწარმოებელს არაერთხელ მოუხდა მონეტებისათვის საჭირო ნედლეულის ხელახლა შეძენა და მათი თავიდან წარმოება, რამაც გამოიწვია მათი დამზადების პროცესის გახანგრძლივება.
საქართველოს ეროვნული ბანკი დღესაც აქტიურად მუშაობს მწარმოებელთან შეკვეთილი მონეტების წარმოების დროულად დასრულების უზრუნველსაყოფად, რათა კოლექციონერებისათვის მიმდინარე წლის 28 თებერვლიდან მოხდეს ხარისხიანი მონეტების მიწოდება.
აღნიშნული მონეტის სარეალიზაციო ფასი და რეალიზაციის არხების შესახებ დეტალები დამატებით გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის სოციალური საინფორმაციო არხების მეშვეობით.
ვერცხლის მონეტის დიზაინის ესკიზი
ვერცხლის მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მეფის გამოსახულება (გვირგვინზე მოოქროვილი დეტალებით), რომელიც შექმნილია მხატვარ გიორგი გეგეჭკორის ფერწერული ნამუშევრის მიხედვით. მონეტაზე, დატანილია წარწერა „ვახტანგ I გორგასალი“ და მისი მეფობის პერიოდი „V ს.“. მონეტის უკანა ფონზე წარმოდგენილია თბილისი, კერძოდ მეტეხის მიმდებარე ტერიტორიის ილუსტრაცია.
ვერცხლის მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ფარის გამოსახულება. მუზარადზე გამოსახულია მგლის თავი (როგორც მეფე ვახტანგ გორგასლის სიმბოლური ზედწოდება). მონეტაზე დატანილია წარწერები: „5 ლარი“, „საქართველო“, „2022“, „GEORGIA”.
ვერცხლის მონეტის მახასიათებლები:
ნომინალი: 5 ლარი
შემადგენლობა: Ag 925
წონა: 17 გ
დიამეტრი: 34 მმ
წიბო: გლუვი
ხარისხი: პრუფი
მოჭრის რაოდენობა: 7500 ცალი
გამოშვების წელი: 2022
დიზაინერი: ელენე გოგორელიანი
მონეტები მოჭრილია ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანაში
|